გორში, ძლიერმა ქარმა სამეფო ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან შენობას სახურავი ნაწილობრივ გადახადა. აღნიშნულ შენობაში თავდაპირველად სასტუმრო იყო განთავსებული, შემდგომ კი, ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობდა.
,,საკმაოდ ძლიერი ქარი იყო და სამეფო ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი შენობის, ყოფილი სასტუმრო ,,ქართლის“ სახურავი ნაწილობრივ დააზიანა. დევნილები აქ აღარ ცხოვრობენ, ყველა ოჯახი დაკმაყოფილდა სახელმწიფოსგან კეთილმოწყობილი ფართით. დილიდან ვიმყოფებოდით შემთხვევის ადგილზე, კეთილმოწყობის სამსახურმა უზრუნველყო შენობის მიმდებარე ქუჩის საფეხმავლო ტროტუარის და საავტომობილო გზის გაწმენდა სახურავის დაზიანებული კონსტრუქციებისგან. შენობა კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის. მეპატრონეც იმყოფებოდა ადგილზე, მიეცა მითითება, რომ რაიმე ტიპის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, შეაკეთოს ან დაზიანებული სახურავის დემონტაჟი განახორციელოს“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
ძლიერი ქარი გორში მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.