კასპის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის ფაქტზე მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
შემთხვევა სოფელ ფერმაში მოხდა, 12 წლამდე ასაკის მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, სოფელში მცხოვრები მამაკაცი მოჩხუბართაგან ერთ-ერთს, 11 წლის ბავშვს აქეზებდა და ფიზიკური ძალადობისკენ და მეორე ბავშვის ცემისკენ მოუწოდებდა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, დაშავებულ მოზარდს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნება და მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
სოფლის მცხოვრებთა განცხადებით, ბავშვების ჩხუბის ამსახველ ვიდეოს აღნიშნული მამაკაცი მობილური ტელეფონით იღებდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაპირისპირება აქვს იმ ბავშვის ოჯახთან, რომელზე ძალადობისკენაც მეორე მოზარდს აქეზებდა.