საზოგადოება
08.02.2020 13:26
სკოლებსა და ბაღებში მავნე სურსათის შეტანა შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდეს

სკოლებსა და ბაღებში მავნე სურსათის შეტანა შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდეს. შესაბამისი ცვლილებების განხორციელება „სურსათის უვნებლობის და ხარისხის შესახებ“ კანონში იგეგმება. დოკუმენტზე აგრარულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს, სადაც აცხადებენ, რომ კანონმდებლობის გამკაცრება დღის წესრიგში არსებული რეალობიდან გამომდინარე დადგა. მათ შორის, გამორიცხული არ არის, კანონდამრღვევის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს იმ შემთხვევაში, თუ მავნე სურსათი იქნება ბაღებსა და სკოლებში შეტანილი.

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი, ლია კოვზიაშვილი GMnews-სთან საუბრისას ამბობს, რომ გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში მავნე სურსათის შეტანის ფაქტები არ დაფიქსირებულა. „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის სურსათის შესყიდვას ყველა წესის დაცვით ვახორციელებთ. ამაში ჩართულია სურსათის ეროვნული სააგენტო, შესყიდვების სააგენტო და ყველა ის კომპეტენტური უწყება, რომელსაც შესაბამის უფლებამოსილებას ანიჭებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა. მინდა გითხრათ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, საბავშვო ბაღებში უვარგისი პროდუქტის შეტანის ფაქტები არ გვქონია“, - აღნიშნა GMnews-სთან საუბრისას ლია კოვზიაშვილმა.

კვირის ამბები