გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე განხორციელდება.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული, კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები, ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.
„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე განახორციელებს. კვლევების შედეგად განისაზღვრება ზღვის წყლის ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით, ასევე ბიოგენური ელემენტები და სხვა მაჩვენებლები.
აღებული სინჯები საანალიზოდ გაიგზავნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და აკრედიტირებულია ISO 17025 სტანდარტის შესაბამისად.
მიღებული შედეგები ეცნობება საზოგადოება ლაბორატორიული კვლევების დასრულებისთანავე“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ცნობისთვის, შავი ზღვის დაბინძურებასა და უსაფრთხო დასვენების ეჭქვეშ დაყენებაზე საუბარი 6 ივნისის შემდეგ დაიწყო, როცა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა უკრაინაში, ნოვა-კახოვკის ჰესი დაანგრია და ადამიანების გვამები, ცხოველების ლეში, ნაღმები, ნავთობპროდუქტები თუ პესტიციდები შავ ზღვაში ჩაიტანა.
უკრაინის გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნოვა-კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად, დაღუპულთა გვამებთან ერთად, წყლის მძლავრმა ნაკადმა შავ ზღვაში 20 ათასზე მეტი მკვდარი ცხოველი, 150 ტონა ზეთი, საწვავი, პესტიციდები და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები ჩაიტანა.
სპეციალისტების შეფასებით, დაბინძურებული წყალი ყველაზე ადრე მიაღწევს ბულგარეთის და რუმინეთის სანაპირო ზოლამდე.
საქართველოს ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, ამ დროისათვის, საქართველოს სანაპირო ზოლში შავი ზღვის დაბინძურების ნიშნები არ ფიქსირდება.