საზოგადოება
23.06.2023 11:55
გორში რამდენიმე კორპუსის ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს - გათვალისწინებულია 12 კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია

გორში, თამარ მეფის გამზირზე №33 და სუხიშვილის ქუჩაზე №18 და №20 კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახლო მომავალში, კიდევ ცხრა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის (ჭავჭავაძის გამზირი №47, აღმაშენებლის გამზირი №44, აღმაშენებლის გამზირი №46, ბაქოს ქუჩა №2, რუსთაველის №49, სტალინის გამზირი №8, სტალინის გამზირი №13, ამილახვრის ქუჩა №23, ნადირაძის №15) ეზოს რეაბილიტაციაც დაიწყება.

თორმეტივე პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100%-ით ფინანსდება. პროგრამის 2023 წლის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია.

სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. სახურავების გადახურვა(90%), ეზოს მოასფალტება (100%), სასმელი წყლის (100%), საკანალიზაციო სისტემების (100%), კორპუსების ფასადების (90%), ლიფტებისა (90%) და სადარბაზოების რეაბილიტაცია (90%) - ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

„მიმდინარე წელს დაფინანსების მიზნით 100 - მდე ამხანაგობამ წარმოადგინა საპროექტო ინიციატივა. მათი განხორციელება ეტაპობრივად იგეგმება. პროექტების შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება სარეაბილიტაციო ობიექტის დაზიანების ხარისხს.

90% - იანი თანადაფინანსების შემთხვევაში, მერია ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების წილობრივ თანხასაც აფინანსებს.

თანადაფინანსების პროგრამა მუნიციპალიტეტს პრივატიზებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კანონიერად დახმარების საშუალებას აძლევს. მოქალაქეები მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით ახორციელებენ პატარ-პატარა პროექტებს. პროგრამა ამხანაგობის წევრებს საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობას აძლევს, თანამონაწილეობა კი ამაღლებს საერთო საკუთრების მიმართ მოსახლეობის პასუხისმგებლობას“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

კვირის ამბები