წყალქვეშა ნავი ,,ტიტანი“, რომელმაც სტარტი 18 ივნისს აიღო ატლანტის ოკეანის ფსკერზე, 1912 წელს, აისბერგთან შეჯახების შედეგად დაღუპული ,,ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად ხუთი ადამიანი გადაჰყავდა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. რაც შეეხება ეკიპაჟთან კონტაქტს, ნავთან კონტაქტი სტარტის აღებიდან დაახლოებით 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ დაიკარგა.
,,ტიტანის" ბორტზე იმყოფებოდნენ ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი, პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი ვაჟი, OceanGate Expeditions-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში და ფრანგი წყალქვეშა პილოტი პოლ-ანრი ნარგეოლე.
დაკარგული მცურავი მოწყობილობის სამძებრო სამუშაოებში უამრავ სამაშველო ხომალდსა და თვითმფრინავთან ერთად, 22 ივნისიდან ჩართული იყო დისტანციურად მართვადი აპარატიც.
სამძებრო და სამაშველო ჯგუფები დაკარგულ ეკიპაჟს 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ.
მნიშვნელოვანია, რომ ნავში ჟანგბადის მარაგი მხოლოდ 96 საათზე იყო გათვლილი.
აშშ-ის სანაპირო დაცვის ოლქის მეთაური, ჯონ მაუგერი ამბობს, რომ დისტანციურად მართულმა ტექნიკამ ჩაძირული ,,ტიტანიკის" ერთ-ერთ ნაწილთან ახლოს წყალქვეშა ნავის, ,,ტიტანის" კუდის კონუსი დააფიქსირა. ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენელმაც დაადასტურა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ,,ტიტანიკის" ნამსხვრევების სანახავად ექსპედიციაში წასული ტურისტული წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის ხუთივე წევრი დაიღუპა. ტრაგედია ,,ტიტანიკთან" 487 მეტრში მოხდა.
ცნობისთვის, ,,ტიტანი“ წყალქვეშა კვლევითი მოწყობილობაა, რომელსაც კერძო კომპანია OceanGate -ი ფლობს და მართავს. ის განკუთვნილია ხუთამდე ადამიანის გადასაყვანად, რომელიც როგორც წესი, შედგება პილოტისა და ეკიპაჟის ოთხი წევრისაგან. შექმნილია 13,123 ფუტის (4,000 მეტრის) სიღრმეში ჩასასვლელად. ხომალდი 22 ფუტის (6,7 მ.) სიგრძისაა და დაახლოებით, 10 400 კილოგრამს იწონის. წყალქვეშა მოწყობილობას არ გააჩნია საჭე და ის სპეციალური ჯოისტიკით იმართება.
წყალქვეშა მოწყობილობა გარედან დახურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკიპაჟის წევრებს მისი შიგნიდან გახსნის საშუალება არ აქვთ. გარედან დამონტაჟებული კამერების საშუალებით, ოკეანის ფსკერის დათვალიერებაა შესაძლებელი.
მეცნიერები და ექსპერტების ,,ტიტანის“ კატასტროფის რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, სიდნეის უნივერსიტეტის საველე რობოტიკის ავსტრალიური ცენტრის პროფესორი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მოწყობილობამ წყლის წნევას ვერ გაუძლო, რა შემთხვევაშიც არსებობს აფეთქების რისკი, უილიამსი არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ბორტზე ხანძარი გაჩენილიყო. განიხილება წყალქვეშა მოწყობილობის თუნუქის ქილასავით შეკუმშვის ვერსიაც.
მსოფლიო საზოგადოება, ვინც თვალს ადევნებს ,,ტიტანის“ გაუჩინარებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ცალსახად სვამს კითხვას - იცოდნენ თუ არა მგზავრებმა შესაძლო საფრთხის შესახებ. როგორც ირკვევა, ეკიპაჟის წევრები აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებულები იყვნენ, ვინაიდან ექსპედიციაში გასაწევრიანებლად თითოეულს ხელი უნდა მოეწერა დოკუმენტზე, სადაც აღნიშნული იყო შემდეგი: ,,ეს ექსპერიმენტული ხომალდი არ არის დამტკიცებული ან დამოწმებული რომელიმე მარეგულირებელი ორგანოს მიერ და შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დაზიანება, ემოციური ტრავმა, ან სიკვდილი“.
ძვირადღირებულ ექსპედიციაში წასული მილიარდერი ტურისტების შესახებ არაოფიციალური წყაროებით არაერთი ვერსია ვრცელდება, მათ შორის ისიც, რომ შესაძლოა, მათ გაუჩინარება გაითამაშეს. აშშ-ის სანაპირო დაცვა ,,ტიტანის“ გაუჩინარებასთან დაკავშირებით დღეს სპეციალურ ბრიფინგს გეგმავს.
,,ტიტანით“ ექსკურსიაზე ერთი ადგილი 250 ათასი დოლარი ღირს, შესაბამისად, ეკიპაჟის თითოეულ წევს სწორედ აღნიშნული თანხა ჰქონდა გადახდილი ამ ექსპედიციაში მონაწილეობისთვის.
ამ დროისთვის დაუზუსტებელია დეტალები, რა ბედი ეწია ,,ტიტანის“ ხუთ მგზავრს.
58 წლის ბრიტანელი მილიარდერი ჰემიშ ჰარდინგი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში სამჯერ მოხვდა. 2021 წელს იმისთვის, რომ მარიანას ღრმულის ფსკერზე, 11 ათასი მეტრის სიღრმეზე ჩავიდა, იქ 4 საათი და 15 წუთი გაატარა.
48 წლის პაკისტანელი ბიზნესმენი შახზადა დავუდი, ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი. მასთან ერთადაა მისი 19 წლის შვილი, სულემანი.
61 წლის სტოკტონ რაში, OceanGate-ის დამფუძნებელი და კაპიტანი, რომლის მეუღლე - ვენდი რაში 1912 წელს, ,,ტიტანიკზე” დაღუპული მაგნატების, ისიდორ და იდა შტრაუსების შვილთაშვილია. შტრაუსები ,,ტიტანიკის" პირველი კლასის მგზავრები იყვნენ.
77 წლის ფრანგი მკვლევარი, პოლ-ანრი ნარჟოლე. ნარჟოლესთვის ეს ,,ტიტანიკთან” 36-ე ჩასვლა იყო.