საზოგადოება
07.02.2020 16:07
,,მიყვარხარ“ - წარწერები ასფალტზე, გორის ციხეზე, სიყვარულის ახსნა გორულად

 

გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, კვერნაქის ასასვლთან მდებარე საავტომობილო გზაზე, დღეს დილით ასფალტზე წარწერები გამოჩნდა - ,,მიყვარხარ“.

უცნობია, ვინ არის თეთრი საღებავით შესრულებული წარწერების ავტორი, ასევე, უცნობია ადრესატის - სიყვარულის ობიექტის ვინაობაც.

ზუსტად ერთი წლის წინ, გასული წლის 14 თებერვალს, გორში, ანალოგიური ფორმით სიყვარული ვინმე მაკოს აუხსნეს, თუმცა, გორელების მცდელობის მიუხედავად, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი დარჩა, ვინ იყო მაკო, რომელსაც თაყვანისმცემელი გორის ციხის ჩრდილოეთ კედელზე გაკეთებული წარწერით გამოუტყდა სიყვარულში - ,,მაკო მიყვარხარ“.

გორის ციხის ფერდობზე გაკეთებული წარწერის ავტორის ვინაობის დადგენის შემთხვევაში, პირს საჯარიმო სანქცია ემუქრებოდა. ამჯერადაც, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ კვერნაქის აღმართზე, ასფალტზე გაკეთებული წარწერების უწყინარი შინაარსის მიუხედავად, თუ დადგინდება შეყვარებული ავტორის ვინაობა, მას ადმინისტრაციული წესით ჯარიმის გადახდა 50 ლარის ოდენობით მოუწევს.  
იმ შემთხვევაში კი, თუ დარღვევას 10 დღის ვადაში არ აღმოფხვრის (წარწერებს თუ არ წაშლის), ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით, 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

კვირის ამბები