გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფელ მეჯვრისხევში ამბულატორიის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
პროექტის ფარგლებში, განახლდა სველი წერტილები, ელექტრო და გათბობის სისტემები, შიდა ინტერიერი, მოეწყო პანდუსი და სივრცე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
ამბულატორია აღიჭურვა ახალი ავეჯითა და პირველადი სამედიცინო ინვენტარით.
სამედიცინო დაწესებულება პირველადი ჯანდაცვის მომსახურებას 6000-ზე მეტ პაციენტს გაუწევს.
ახლადრეაბილიტირებული სამედიცინო დაწესებულების გახსნას შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ჯანდაცვის სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროკავშირმა პროექტის - „EU4Dialogue“ (კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში) ფარგლებში დააფინანსა.
ცნობისთვის, პროექტი - „EU4Dialogue“, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის თანამშრომლობით ხორციელდება.