საზოგადოება
21.06.2023 13:47
გორის ხელოვნების სახლი მსურველებს „სკეჩინგ ბეთლი + სითი გეიმში“ მონაწილეობის მისაღებად იწვევს

გორის ხელოვნების სახლი, თავისუფალი სახელოვნებო ინიციატივების ფარგლებში, მსურველებს „სკეჩინგ ბეთლი + სითი გეიმში“ მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

პროექტის ორგანიზატორების თქმით, აქტივობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებმისმიერ მსურველს  რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების მიუხედავად.

თამაშის პირობების თანახმად, მონაწილემ უნდა გამოიცნოს 7 ლოკაცია თანმიმდევრობით და გააკეთოს სკეჩი. გამარჯვებულს გამოავლენს გორის ხელოვნების სახლის მიერ მოწვეული ჟიური

ხელოვნების სახლი უზრუნველყოფს პირველ 20 დარეგისტრირებულ მონაწილეს  სკეჩბუქით, ტუშის კალამით, ფანქარით, საშლელით,  სათლელით და წყლით, მონაწილეებს სურვილისამებრ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საკუთარი ნივთების გამოყენებით.

„თამაში დაიწყება 25 ივნისს, ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარედ, ხელოვნების სახლთან, 12:00 საათზე. ორგანიზატორები მონაწილეებს დაარეგისტრირებენ და გააცნობენ თამაშის ინსტრუქციას. ყოველი მომდევნო დავალება QR კოდის სახით დახვდებათ ლოკაციებზე. მონაწილეობის მსურველებმა თან უნდა იქონიონ ტელეფონი, რომლითაც შეძლებენ QR კოდის დასკანერებას, აგრეთვე,  დავალების გასახსნელად საჭიროა მობილური ინტერნეტის ჩართვა.

თამაშის ხანგრძლივობა 3 საათია. ამ დროის განმავლობაში მონაწილეებს მოუწევთ, როგორც ლოკაციების გამოცნობა, ასევე ამ ლოკაციების დასკეჩვა. მონაწილე, რომელიც ვერ ჩაეტევა დადგენილ დროში გამოეთიშება თამაშს, აუცილებელია ყველა ლოკაციის თანმიმდევრულად გავლა. ლოკაციების გამოცნობის შემდეგ, დარჩენილ დროში მონაწილეებს შეუძლიათ დაამუშავონ ჩანახატები, ხოლო  დროის გასვლის შემდეგ კი წარუდგინონ ხელოვნების სახლის გუნდს გამარჯვებულის გამოსავლენად“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება პრიზებს, პირველ ადგილზე გადასულს  ვაკომის სახატავი პლანშეტი გადაეცემა. მეორე ადგილის მფლობელი 80 ფერიანი სკეჩ მარკერებს და სკეჩ ბუქს, მესამე ადგილზე გასული კი 40 ფერიან სკეჩ მარკერებს მიიღებს.

 

 

კვირის ამბები