2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივლისს დაიწყება. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება.
პირველი ეტაპის რეგისტრაცია 20-დან 21 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ ეტაპზე დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც უკვე არის კონკრეტული ბაღის აღსაზრდელი. პირველ ეტაპზე ბაგა–ბაღებში რეგისტრაციისთვის განცხადება უნდა დაიწეროს ბაღის დირექტორთან.
რაც შეეება მეორე ეტაპს, რეგისტრაცია დაიწყება 25 ივლისს, 12:00 საათზე და გაგრძელდება 31 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით. მეორე ეტაპზე დარეგისტრირებას შეძლებს ყველა მსურველი. სააგენტოს ცნობით, ქალაქში მდებარე ბაგა–ბაღებში რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად შემდეგ ელ.მისამართზე: www. gorikids. ge, ხოლო რაიონის ბაღებში ჩასარიცხად განცხადება დაიწერება ადგილობრივი ბაღის დირექტორთან.
„ელექტრონული რეგისტრაციის მომენტში დაგჭირდებათ ბავშვის დაბადების მოწმობა, რათა მონაცემები სწორად იქნას შევსებული.მას შემდეგ, რაც წარმატებით გაივლით რეგისტრაციას, საჭირო დოკუმენტებს წარადგენთ სააგენტოში. დოკუმენტების წარდგენას შეძლებთ 1 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით. დაგჭირდებათ: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა, ორი ფოტოსურათი (3X4), მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი, რაიონის ბაღის შემთხვევაში, მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია. რეგისტრაციის გადამოწმებას შეძლებთ იგივე ელ.მისამართზე, „რეგისტრაციის გადამოწმების“ ველში ბავშვის პირადი ნომრის ჩაწერით“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ე.წ საზაფხულო ერთი საბავშვო ბაღიც იფუნქციონირებს. საზაფხულო ბაღში აღსაზრდელთა ჩარიცხვაზე რეგისტრაცია 10-დან 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.