საზოგადოება
20.06.2023 15:50
პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლები გაიხსნა

იუსტიციის სახლის სერვისების მიღება მსჯავრდებულებისთვის სასჯელის მოხდის ადგილზევე იქნება ხელმისაწვდომი. იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, პროექტი ქართული ინოვაციაა და ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აქვს. 

პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფთათვის იუსტიციის სახლის 50-ზე მეტი სერვისია ხელმისაწვდომი, მათ შორის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღება, დაბადების რეგისტრაცია, არასრულწლოვან შვილებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანხმობის გაცემა, მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები, მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენა, განქორწინების რეგისტრაცია, ატესტატის აღება, ინდმეწარმედ რეგისტრაცია და სხვ.

სერვისის მიღებას მსჯავრდებულები წინასწარი დაჯავშნით შეძლებენ. იუსტიციის სახლის ფილიალები  ასევე მოემსახურება პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებსაც.

„დღემდე პატიმრობაში მყოფ პირებს ან მესამე პირისათვის გაცემული მინდობილობის საფუძველზე შეეძლოთ სერვისის მიღება, ან იუსტიციის სახლთან წერილობითი კომუნიკაციით. ორივე შემთხვევაში სერვისი ხანგრძლივ დროს და არასაკმარისად მოქნილ პროცედურებს ითვალისწინებდა. პენიტენციურ სისტემაში იუსტიციის სახლის ფილიალების გახსნის შემდეგ მსჯავრდებულებისთვის მომსახურება ზუსტად ისეთივე კომფორტული იქნება, როგორიც იუსტიციის სახლის ნებისმიერი ვიზიტორისთვისაა, სერვისცენტრისთვის განკუთვნილი სივრცე კი, სრულ შესაბამისობაშია იუსტიციის სახლების ინტერიერთან“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე,  იუსტიციის სახლები მე-16 პენიტენციურ და რუსთავის მე-5 (ქალთა) დაწესებულებაშია ამოქმედებული და ეტაპობრივად სხვა დაწესებულებებშიც გაიხსნება.

პროექტი იუსტიციის სახლსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

კვირის ამბები