საზოგადოება
20.06.2023 13:35
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა უცხოელ ტუროპერატორებს და პროექტის პარტნიორებს გორში უმასპინძლა
ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის - „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა“ ფარგლებში, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა ბულგარელ და უკრაინელ ტუროპერატორებს და პროექტის პარტნიორებს გორში უმასპინძლა.
საინფორმაციო ტურის სამდღიანი პროგრამა შიდა ქართლის მონახულებასთან ერთად, ითვალისწინებდა კახეთის, მცხეთა-მთიანეთის და თბილისის გაცნობასაც. ვიზიტისას, სტუმრები გაეცნენ ტურისტულ შეთავაზებებს და გაიარეს მარშრუტების ნაწილი.

უცხოელ სტუმრებს, „შემოქმედებითი ტურიზმისა და მემკვიდრეობის პროდუქტების ინოვაციური სტარტაპების“ კონკურსში გამარჯვებული იდეების ავტორებმა, პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქტები და მომსახურებები მასტერკლასების ფორმატით წარუდგინეს.

გამოვლინდნენ „შემოქმედებითი ტურიზმის და მემკვიდრეობის ინოვაციური სტარტაპების“ კონკურსში გამარჯვებული იდეების ქართველი ავტორებიც (კონკურსი ითვალისწინებდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რესურსების გამოყენებით ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნას).

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ინფორმაციით, კონკურსში გამარჯვებულები არიან:
გიორგი ტატულაშვილი - გორის მოჭიქული კერამიკა (გორი);
ინა კარელიძე - ქართული მუსიკალური საკრავების პოპულარიზაცია მასტერკლასების მეშვეობით (გორი);
ნინო ბახუტაშვილი - „ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის გაერთიანება თანამედროვე ტურისტულ პროდუქტში“(დედოფლისწყარო, იყალთო);
ნანა ჩქარეული – ქართული ტიხრული მინანქრის სახელოსნოს ტური „ოკუპირებული ტერიტორიების კულტურული მემკვიდრეობის ორნამენტული მოტივები“(წეროვანი);
ესმა კუნჭულია – აღდგენილი რეცეპტების კულინარიული მასტერკლასი (წოდორეთი);
ლილიანა მაისურაძე - რაჭული ხელნაკეთი სუვენირი (ონი);
თეა მახათელაშვილი - ტური „მამუკელაშვილის ღვინის მარანში“ და ფოლკლორის შოუ (კურდღელაური);
მაია მამულაშვილი - თელავის შემოქმედებითი ტურები - „ხელოსნების ქუჩის ზღაპრები“(თელავი);
ლევან მეტრეველი - „ქვემო ქართლის უძველესი მეტალურგიული ტრადიციები“- ლითონის ჩამოსხმის მასტერკლასი ზარების სახელოსნოში (ასურეთი).

შეგახსენებთ, „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა“(THC 1130) ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის (საქართველო), კულტურული ტურიზმის ევროპული ინსტიტუტის (ბულგარეთი), ქალაქ მიკოლაევის განვითარების ფონდის (უკრაინა) და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი პროექტია.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
კვირის ამბები