საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად 120 000 ლარით დააფინანსებს. ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
აქამდე მოქმედი პროგრამით, ღვიძლის ტრანსპლანტაცია დადგენილი ტარიფის ფარგლებში არა უმეტეს 70 000 ლარით ფინანსდებოდა. პაციენტის თანაგადახდის წილი კი, 50 000 ლარს შეადგენდა.
„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ მთავრობის სხდომაზე. ერთ-ერთი საკითხი ეხება ორგანოთა ტრანსპლანტაციის ბიუჯეტში ცვლილებებს. მნიშვნელოვანია, რომ, ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში, 120 000-ლარიან ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 70 000 ლარით. ეს ხშირ შემთხვევაში ისეთ სეგმენტს ეხება, სადაც რთულია დარჩენილი 50 ათასი ლარის მობილიზება და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად დავაფინანსოთ ოპერაციის ხარჯები, როგორც დიაგნოსტიკასთან, ისე ოპერაციასთან დაკავშირებული. ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში 120 ათას ლარს დღეიდან სრულად დაფარავს სახელმწიფო“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორგანოგადანერგილი პირები შშმ სტატუსის დადგენის უფლებით ვერ სარგებლობდნენ, რისთვისაც 2023 წლის იანვარში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა და ღვიძლის, გულის ან თირკმლის გადანერგვა მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს წარმოადგენს.