გორის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგ სხდომაზე მიწათსარგებლობის გენგეგმის, ახალბაღის რეაბილიტაციის და მუნიციპალურ ტრასპორტთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
საბჭოს წევრებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან, ასევე, მისმინეს ანგარიში საბჭოს ერთწლიანი მუშაობის განმავლობაში გაცემულ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.
„აღსანიშნავია, რომ საბჭოს მიერ წარდგენილი გარკვეული რეკომენდაციების შესრულება მიმდინარეობს და ხდება მათი გათვალისწინება. ეს ეხება როგორც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობას, ასევე, მერიის ვებ გვერდის გამართულობას და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. რაც შეეხება მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგ, რიგით მე-9 სხდომას, ზემოხსენებული საკითხების გარდა, საბჭოს წევრებმა, იმსჯელეს საბჭოს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენის შესახებ და განიხილეს საორგანიზაციო დეტალები. წარდგენა გაიმართება სექტემბერში, პრეზენტაციაზე დასწრება და საბჭოს საქმიანობის დეტალურად გაცნობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება“, - ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.