საზოგადოება
19.06.2023 15:40
ბავშვებში გახშირებულია ჩუტყვავილას შემთხვევები, თუმცა, გასულ წლებთან შედარებით, შემთხვევების მკვეთრად მატება არ შეინიშნება - მარი გიუნაშვილი

ბოლო პერიოდში ბავშვებში გახშირებულია ჩუტყვავილას შემთხვევები. ვირუსული ინფექციის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა საბავშვო ბაღებშიც, თუმცა, როგორც ,,გორის მაცნეს“ მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მარი გიუნაშვილმა განუცხადა, ინფექციის გავრცელება დამახასიათებელია წლის ამ პერიოდისთვის და გასულ წლებთან შედარებით შემთხვევების მკვეთრად მატება არ შეინიშნება.

,,ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბავშვებში ფიქსირდება ჩუტყვავილას შემთხვევები, კლინიკებში მიმართვიანობის გარდა, გვქონდა შემთხვევები საბავშვო ბაღებშიც, თუმცა, ვირუსული ინფექციის ამგვარი გავრცელება დამახასიათებელია წლის მიმდინარე პერიოდისთვის და არ წარმოადგენს, დავუშვათ, საბავშვო ბაღის დროებით დახურვის ან სხვა მსგავსი ზომების მიღების საფუძველს. ბაღებსაც და მშობლებსაც ეძლევათ შესაბამისი რეკომენდაციები.

მაგალითად, ოთახების განიავება, სველი წესით დამუშავება, მნიშნელოვანია ტემპერატურის რეგულარული კონტროლი, მაღალი ცხელების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან მიმართვა. ასევე, რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ ბავშვები, რომლებსაც ჩუტყვავილა გადატანილი არ აქვთ და იმყოფებოდნენ ინფიცირებულთან კონტაქტში, იყვნენ იზოლირებულები. რაც შეეხება შემთხვევების ინტენსივობას, გასულ წლებთან შედარებით შემთხვევების მკვეთრად მატება არ შეინიშნება“, - განაცხადა მარი გიუნაშვილმა.

ცნობისთვის, ჩუტყვავილა ბავშვთა ასაკის მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომლითაც, ძირითადად, 10 წლამდე ასაკის ბავშვები ავადდებიან.

დაინფიცირებიდან დაავადების კლინიკური გამოვლენის პერიოდი 10-21 დღეს შეადგენს. 1-2 დღე დაავადებულს შეიძლება აღენიშნოს სისუსტე, უხასიათობა, თავის ტკივილი, შემდეგ ჩნდება გამონაყარი, რომელიც გარდაიქნმება გამჭვირვალე, სითხის შემცველ ბუშტუკად.

თუ ჩუტყვავილა მძიმედ მიმდინარეობს, შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ორგანოებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებაც.

ავადმყოფი ადამიანი ვირუსს გამოყოფს ხველის, ცემინების დროს და ძირი|თადად, დაავადების დაწყებიდან 9-10 დღის განმავლობაში, ინფექციის წყაროს წარმოადგენს. ვირუსი გარემოში უმალვე იღუპება, ამიტომ ავადმყოფის ნივთებით და მესამე პირით ინფექცია არ ვრცელდება. ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ ყალიბდება მყარი იმუნიტეტი და განმეორებითი დაავადების შემთხვევები არ ფიქსირდება.

კვირის ამბები