გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მეთოდისტ-სპეციალისტები სასწავლო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდნენ.
სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი გულისხმობდა ქართველი სპეციალსტების კვალიფიკაციის ამაღლების პრაქტიკულ და თეორიულ კურსებს და 20-საათიან თემატურ სამუშაოებს მოიცავდა.
პოლონეთის განათლების და მეცნიერების სამინსტროს, ვარმინსკო-მაზურის რეგიონის პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის ექსპერტების მონაწილეობით, გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მეთოდისტები ოჟიშის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საბავშვო ბაღში პირადად დაესწრნენ სააღმზრდელო პროცესს, გაეცნენ პოლონურ გამოცდილებას, მუშაობის მეთოდებს, ინტერპერსონალურ მიდგომებს საჭიროების მქონე ბავშვებთან და ევროკავშირში აპრობირებულ მეთოდურ მიდგომებს.
პროგრამის დასრულების შემდეგ, გორელ მეთოდისტ-სპეციალისტებს სერტიფიკატები გადაეცათ.
„პოლონეთში, ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი შათირიშვილი, რომელმაც ოჟიშის მერთან ზბიგნევ ვლოდკოვსკისთან ოფიციალური შეხვედრები გამართა. ოჟიშის მერის ინფორმაციით, თანამშრომლობის მომდევნო ეტაპი, გორში, პოლონელი ექსპერტების ვიზიტი და ევროკავშირის ფონდებში საპროექტო განაცხადების წარდგენა იქნება, რაც გორის მუნიციპალიტეტში შერჩეული საბავშვო ბაღის გარემონტებას და აღჭურვას გულისხმობს“, - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, აღნიშნული პროგრამა სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსთვის ოჟიშის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით განხორციელებული მეორე პროექტია. პირველი, დაახლოებით, 2 წლის წინ განხორციელდა და სპეც-მასწავლებლების გადამზადებას ითვალისწინებდა.