საზოგადოება
07.02.2020 12:49
კორონავირუსით ინფიცირების 31 161 შემთხვევა, 1540 გამოჯანმრთელებული ადამიანი და 636 გარდაცვლილი

კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულმა შემთხვევათა რაოდენობამ 31 161-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1540 და დაიღუპა 636 ადამიანი. ჩინეთს გარდა, კორონავირუსის  ლაბორატორიულად დადასტურებული 227 შემთხვევა დაფიქსირდა 25 ქვეყანაში - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ჩინელი კოლეგის - ლი ვანლინგის ხსოვნას, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა. 34 წლის ექიმი ოფთალმოლოგი, რომელიც უხანის საავადმყოფოში მუშაობდა, ახალი ინფექციის შესახებ დეკემბრის ბოლოს ალაპარაკდა, თუმცა, მაშინ იგი უსაფრთხოების ბიუროში დაიბარეს და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულეს.

მოგვიანებით კი, როცა ვირუსი დადასტურდა, სამართალდამცავმა უწყებებმა ვანლინგს ბოდიში მოუხადეს.

ექიმ ვანლინგს კორონავირუსის სიმპტომები 10 იანვარს დაეწყო, მკურნალობის მიუხედავად, გუშინ გარდაიცვალა.

კვირის ამბები