მაღალმთიან რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის წამოწყების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში განაცხადების მიღების ვადები შეიცვალა.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დაანონსებული 20 ივნისის ნაცვლად, პროექტების მიღება 27 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება.
განაცხადები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე my. rda. gov. ge
უწყების განმარტებით, ცვლილებების მიზეზი მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის მიმართ მაღალი ინტერესი და ცხელ ხაზზე - 1501 მაღალი მიმართვიანობაა.
„პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეების, ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება და როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე, არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების მდგრადი განვითარება და ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია“, - აცხადებენ უწყებაში.
რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობას, არანაკლებ 30 000 ლარს და არაუმეტეს 100 000 ლარს შეადგენს (მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს).
დამატებითი 10%-იანი თანადაფინანსებაა განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის - მამაკაცებისთვის 18-დან 35 წლის ჩათვლით, ხოლო ქალების შემთხვევაში, 18-დან 40 წლის ჩათვლით.
ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსით 29 სოფელი სარგებლობს, შესაბამისად, ახალი სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას შეძლებენ ამ დასახლებებში მცხოვრები პირებიც.