საზოგადოება
16.06.2023 13:58
ტანას აღკვეთილის ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში ვიზიტორთა ცენტრი და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
გორის მუნიციპალიტეტში, ტანას აღკვეთილის ტერიტორიაზე, უახლოეს მომავალში ვიზიტორთა ცენტრი და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ახალ ლოკაციაზე ინფრასტრუქტურის მოწყობა ლაშქრობის მოყვარულებს და ვიზიტორებს შესაძლებლობას მისცემს სასიამოვნო დრო გაატარონ გორის მუნიციპალიტეტში, არაჩვეულებრივ გარემოსა და ბუნებაში.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტში 32 850 ჰექტარ ფართობზე დაცული ტერიტორია შეიქმნა. ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობი 21 864 ჰექტრით, ხოლო ტანას აღკვეთილის საერთო ფართობი 10 986 ჰექტარით განისაზღვრა.

ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება და დამატებითი დაფინანსება დონორი ორგანიზაციებიდან. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, 16.25 მლნ. ევრო მოხმარდება დაცული ტერიტორიების, მათ შორის, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებას, ადმინისტრაციების აღჭურვას და განვითარებას, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსებას.
კვირის ამბები