გორის მეთორმეტე საჯარო და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლები USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულებს შორის არიან.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული 44 სკოლა გამოვლინდა, რომლებსაც საჩუქრად სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკა გადაეცემათ.
„ჩვენი პროგრამის რეგიონულ პარტნიორებთან ერთად შევარჩიეთ 44 სკოლა. გამარჯვებულები ერთმანეთს ლიდერი სკოლების ფორუმზე შეხვდებიან, სადაც სხვა სკოლებს გაუზიარებენ გამოცდილებას მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობის და სკოლის მართვაში დემოკრატიული მიდგომების შესახებ“, - ნათქვამია USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება PH International-საქართველოს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია „საზოგადოება ბილიკი“.