საზოგადოება
16.06.2023 11:21
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ზარდიანთკარში ომბუდსმენის ვიზიტის დროს გაჟღერებულ ინფორმაციას ეხმაურება

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარში ომბუდსმენის ვიზიტის დროს გაჟღერებულ ინფორმაციას - „არის სახლები, რომლის რეაბილიტაცია სრულად არ ხდება და სახლების რეაბილიტაცია ხდება შერჩევით“, - ეხმაურება.

სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „გორის მაცნე“ უცვლელად გთავაზობთ.

„სოფელ ზარდიანთკარის შემთხვევა და მდგომარეობა განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისით, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული სხვა სოფლებისგან განსხვავებით, ამ სოფელში საოკუპაციო ძალების მიერ შექმნილი სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევების შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას ყველაზე გვიან მიეცა სოფელში დაბრუნების შესაძლებლობა. შესაბამისად, გახანგრძლივებული ოკუპაციის და სახლებისთვის ომით მიყენებული დაზიანებების შედეგად, შეუძლებელი აღმოჩნდა მათი საცხოვრებლად გამოყენება. გამომდინარე აქედან, სახელმწიფოს მხრიდან, ოჯახების ნაწილმა ფინანსური კომპენსაცია მიიღო, ხოლო 28 ოჯახი უზრუნველყოფილ იქნა დროებითი საცხოვრებლით. მომზადდა თითოეული სახლის ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ ექსპერტული დასკვნები, სარეაბილიტაციო პროექტები და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზე, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 1 800 000 ლარი.

ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, რომელიც 2023 წლის ბოლომდე დასრულდება. უკვე შესრულებულია სამუშაოების 50%-მდე. მათ შორის, ორ სახლზე უკვე დასრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, გარდა ამისა კარ-ფანჯრები შეიცვალა 20 სახლში, სახურავი შეიცვალა 10 სახლზე, გაილესა და გამაგრდა 8 სახლის კედლები, მოპირკეთდა და სამღებრო სამუშაოები დასრულდა 7 სახლში. ავარიული მდგომარეობიდან გამომდონარე, რეაბილიტაციას არ დაექვემდებარა 4 საცხოვრებელი სახლი, ამ ეტაპზე მოხდა 2 სახლის დემონტაჟი და მიმდინარეობს ახლის მშენებლობა, ხოლო დარჩენილ 2 სახლზე მომზადდა პროექტი და ხელშეკრულებაში სათანადო ცვლილებების შეტანის შემდეგ დაიწყება დემონტაჟი და სამშენებლო სამუშაოები“, - ნათქვამია სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები