07.02.2020 12:36
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები მერიის სერვისების მიღებას გამარტივებულად შეძლებენ
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები მერიისგან კიდევ უფრო გამარტივებულად შეძლებენ სერვისების მიღებას. ადგილობრივმა თვითმმართველობამ, ერთიანი სტანდარტით ელექტრონული სერვისების დანერგვისა და განვითარების ახალი პროექტის განხორციელებაზე მუშაობა უკვე დაიწყო და როგორც ცნობილია, ახალი სტანდარტებით მომსახურება წლის ბოლომდე დაინერგება.
„პროექტის ფარგლებში იქმნება ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც სამ ძირითად სისტემას - ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების, ონლაინ განცხადებების მართვისა და გეოსივრცითი მონაცემების მართვის სისტემას გააერთიანებს.
პროექტის განხორციელების მიზნით, გორის მერიასა და ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. სიახლის ამოქმედების შემდეგ, გაიზრდება ელექტრონულ სერვისებზე ონლაინ წვდომის შესაძლებლობა და შემცირდება ბიუროკრატია, რაც თავის მხრივ თვითმმართველობის ეფექტურობაზე, ეფექტიანობასა და გამჭირვალობაზე დადებითად აისახება“, -აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
უნდა აღინიშნოს რომ, ახალი ელექტრონული პლატფორმა, გორის მსგავსად, ქვეყნის 62 მუნიციპალიტეტში დაინერგება.