კანონპროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომლითაც საქართველოში პარაპლანებით ფრენების რეგულირება განხორციელდება, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, ,,საქაერონავიგაციასთან" ერთად, უკვე დაასრულდა მუშაობა გუდაურში პარაპლანით უსაფრთხო ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფაზე.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, მიღებულ ცვლილებაში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება.
„მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ კანონმდებლობაში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული საერთაშორისო პრაქტიკა, გამოცდილება და მოთხოვნები, ასევე ხაზგასასმელია, რომ უმოკლეს ვადებში განისაზღვრა და უკვე გამოცემულია პირველი ნოტამიც გუდაურში პარაპლანებით საფრენ სივრცეზე. კანონით განსაზღვრული რეგულირების პროცესი, სახელმწიფოს ზედამხედველობით, აქტიურად გაგრძელდება, რაც, უპირველესად, გულისხმობს მფრინავისთვის ფრენის შესაბამისი მოწმობის გაცემას თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე, ასევე საფრენი აპარატების ვარგისიანობის შემოწმებას, უსაფრთხო საფრენოსნო სივრცეების განსაზღვრას და ოპერატორების სერტიფიცირებას. ეს ყველაფერი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მინიმუმამდე იქნას შემცირებული პარაპლანით ფრენასთან დაკავშირებული რისკები" , - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
ცნობისთვის, თეთრი არაგვის ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, 2022 წლის 30 ივლისიდან პარაგლაიდინგი შეჩერებული იყო.