საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციის და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა.
დაინტერესებული პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2023 წლის 15 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 22 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
გამოცდაზე გასვლის უფლება პირს იმ შემთხვევაში აქვს, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.
„ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებას რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით: თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში - განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა; თუ პირი არ სწავლობს სკოლაში - განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად“, - აცხადებენ სამინისტროში.