ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების მექანიზმი შეიცვალა და სრულად ინტეგრირდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მედიკამენტების უფასოდ მიღებას შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები შეძლებენ: ქრონიკული დაავადების მქონე პირები; სოციალურად დაუცველები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს), ასაკით პენსიონერები; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები; მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; ვეტერანები; ასევე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა. ამასთან, პროგრამაში გათვალისწინებულია 5 წლამდე ასაკის ბენეფიციარებისთვის, მათ შორის 5 წლამდე შშმ ბავშვებისათვის, ანტიბაქტერიული მედიკამენტების დაფინანსებაც.
2 კვირის ვადაში დამტკიცდება მედიკამენტების ნუსხა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ბაზრის კვლევის საფუძველზე კი, დადგინდება ფასები, დაწესდება წლიური ლიმიტი დაავადებების ჯგუფების მიხედვით, შესაბამისად, პაციენტი მიიღებს მედიკამენტს სერვისის მიმწოდებელ აფთიაქებში, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტო დადგენილი ტარიფისა და შესაბამისი ლიმიტის საფუძველზე, მედიკამენტის ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს.
„აღნიშნული ცვლილება გაამარტივებს პროგრამის ადმინისტრირებას, როგორც მენეჯმენტის კუთხით, ასევე, მედიკამენტების მარაგების მართვის კუთხითაც და შესაბამისად, პაციენტისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული პირობაა ჩადებული მედიკამენეტების ხარისხის კონტროლის თვალსაზრისით, შესაბამისად, პროგრამით მოსარგებლე მოსახლეობა მაღალხარისხიან მედიკამენტებს მიიღებს“, - აცხადებენ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.