საზოგადოება
14.06.2023 14:29
გორში კერამიკის და ტექსტილის სახელოსნოები საზეიმოდ გაიხსნა
გორში, კერამიკის და ტექსტილის სახელოსნოები საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროკავშირის წარმომადგენლები, პროექტის ბულგარელი და უკრაინელი პარტნიორები, შემოქმედებითი ტურიზმის საინფორმაციო ტურების ქართველი, ბულგარელი და უკრაინელი ტუროპერატორები და გიდების ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ.

კერამიკისა და ტექსტილის შემოქმედებითი სახელოსნოები აშენდა და ტექნიკურად ევროკავშირის შავი ზღვის აუზის პროგრამის პროექტის „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა (THC)“ ფარგლებში აღიჭურვა.
ღონისძიებაზე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა სახელოსნოები გორის მუნიციპალიტეტის მერიას გადასცა, რომელიც ტურიზმის განყოფილებასთან თანამშრომლობით რეგიონის წარმომადგენლების და ტურისტებისთვის საგანმანათლებლო მასტერკლასებს გამართავს.

მასტერკლასებს გაუძღვებიან „შემოქმედებითი ტურიზმისა და მემკვიდრეობის პროდუქტების ინოვაციური სტარტაპების“ კონკურსში გამარჯვებული იდეების ავტორები.

უნდა აღიშნოს, რომ კონკურსი გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის (საქართველო), კულტურული ტურიზმის ევროპული ინსტიტუტის (ბულგარეთი), ქალაქ მიკოლაევის განვითარების ფონდის (უკრაინა) ერთობლივი პროექტის „ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა“ (THC 1130) ფარგლებში ჩატარდა.
პროექტი (THC 1130) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
კვირის ამბები