საზოგადოება
14.06.2023 14:24
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ატესტატების გაცემას 3 ივლისიდან დაიწყებს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად განცხადებების მიღება და ატესტატის გაცემა 3 ივლისიდან დაიწყება.

სკოლადამთავრებულები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო მატერიალური დოკუმენტის მისაღებად განაცხადის გაკეთებას იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში შეძლებენ.
აბიტურიენტები მზა ატესტატებს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ. დოკუმენტის უფასოდ მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ატესტატის დაჩქარებული წესით აღების შემთხვევაში კი, დაწესებულია შესაბამისი საფასური.

„სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის მიღება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ატესტატი არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც დედნის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია.

დაინტერესებულ პირებს მატერიალური დოკუმენტის დამზადების შემდეგ, ნებისმიერ დროს, ადგილიდან გაუსვლელად შეუძლიათ ელექტრონული პორტალიდან (my.gov.ge) ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა. ამისათვის უნდა გამოიყენონ განცხადების ჩაბარებისას მათთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომერი და კოდი. აბიტურიენტებს ელექტრონული ატესტატით სარგებლობა შეუზღუდავად შეუძლიათ, იმის მიუხედავად, გაიტანენ თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს“, - აცხადებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
ცნობისთვის, 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით სკოლა 47 306-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა.
კვირის ამბები