ორი კვირის განმავლობაში გაღებული ე.წ. გამშვები პუნქტი კვლავ ჩაიკეტა. ახალგორში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომლებიც პენსიას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ, გადაადგილების საშუალება ორ თვეში ერთხელ მიეცემათ - ეს გადაწყვეტილება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების საბჭომ გასული წლის 2 დეკემბერს მიიღო.
,,საოკუპაციო ძალების მხრიდან დაანონსებული იყო, რომ ახალგორის შესასვლელში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი 6 თებერვლის ჩათვლით იქნებოდა დაბის მაცხოვრებლების გარკვეული კატეგორიისთვის ღია, თუმცა, არსებობდა მოლოდინი, რომ ეს პერიოდი გახანგრძლივდებოდა. სამწუხაროდ, დღეს დილიდან, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის შესასვლელი კვლავ ჩაკეტეს. ინფორმაციით, რომელიც მოსახლეობას მიაწოდეს, დაახლოებით, ორი თვის შემდეგ -მარტის ბოლოს უნდა გახსნან გარკვეული დროით და კონკრეტულ თარიღებს მოგვიანებით აცნობებენ. ახალგორში მცხოვრებმა 50-მდე მოქალაქემ, ვინც პენსიას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებს, ამჟამად ვერ შეძლო ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ დე ფაქტო რეჟიმის მიერ გაცემული ,,პროპუსკები“. გუშინ ამ ადამიანებს აღნიშნული ,,პროპუსკები“ მისცეს და იმედია, რომ მათაც მიეცემათ გადაადგილების უფლება“, - აცხადებს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი.
დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის შესასვლელი გასული წლის 5 სექტემბერს ჩაკეტეს და 24 იანვარს დროებით, ორი კვირით გააღეს. გადაადგილების საშუალება იმ ახალგორელებს მიეცათ, ვინც პენსიას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებს.