გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტი „ეს საინტერესოა“, 19 ივნისიდან დაიწყება.
პროექტში, რომელსაც გორის მერია განახორციელებს, მონაწილეობა 8-დან 12 წლამდე მოსწავლეებს შეუძლიათ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ახალი პროექტი მათთვისაა, ვისაც სურს, რომ უფრო მეტი იცოდეს და მიღებული ცოდნა სწორად გამოიყენოს.
„ეს საინტერესოა“ მოსწავლეებს გააცნობს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე იმ ცნობილ ადამიანებს, რომლებმაც შეცვალეს სამყარო და საზოგადოების ცნობიერება.
პროგრამას, რომელიც 10 შეხვედრას ითვალისწინებს, გ „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ ადრეული განათლების პროგრამის პედაგოგები აუძღვებიან და შემდეგ თემებს მოიცავს: შექმენი შენით (შერეული მასალით მუშაობა); სამაგიდო თამაშები; კინოსეანსი; ვიქტორინების კლუბი; ორიგამი; ბიბლიოფილია; შექმენი სათამაშო; კომპიუტერული უსაფრთხოება (კიბერუსაფრთხოება); სენსომოტორული აქტივობები და სადღესასწაულო თამაშები“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება პროექტის მიზნებს, „ეს საინტერესოა“ ხელს შეუწყობს მოზარდს გახდეს მეტად დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში; დარწმუნდეს საკუთარ შესაძლებლობებში; პირადი ინტერესების გაზიარებით გამოხატოს საკუთარი თავი; იყოს მხარდამჭერი, ემპათიური და იზრუნოს სხვებზე; იცოდეს, როგორ გაუმკლავდეს პირველად გამოწვევებს; იყოს ორიენტირებული საკუთარი შესაძლებლობების გაზრდაზე; გახდეს მიმღებელი მრავალფეროვანი გარემოს მიმართ; ისწავლოს, თუ როგორ დაგეგმოს პროდუქტიულად თავისუფალი დრო და ამ პროცესში საკუთარი ჩართულობით სიამოვნება მიიღოს.
პროგრამის კურსს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 30 მოზარდი გაივლის. შეხვედრები გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში, კვირის სამუშაო დღეებში ჩატარდება. შეხვედრის ხანგრძლივობა კი 3 საათი იქნება.
პროექტში მონაწილეობის მსურველი მოზარდის მშობელმა უნდა შეავსოს რეგისრაციის ფორმა აღნიშნულ ბმულზე: docs. google. com/…/ 1d17PYTk7hkRrcR5SqrRG1q… /viewform… ხოლო ბავშვების შერჩევა სარეგისტრაციო ფორმის მიხედვით, ინდივიდუალურად მოხდება.