გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურმა გასული წლის საშემოდგომო გაწვევისთვის თავის არიდების გამო, 100-მდე წვევამდელის საქმე სასამართლოს გადასცა. სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აქედან 20-მდე ახალგაზრდას, სასამართლომ, 1000-ლარიანი სანქცია დააკისრა. ვალერი რევაზაშვილი, GMnews-თან საუბრისას ამბობს, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ მომრავლდა სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების ფაქტები, რისთვისაც, ახალგაზრდები სხვადასხვა გზას მიმართავენ.
„სამწუხაროდ, ბოლო 2-3 სამი წელია, საგრძნობლად გაიზარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მაჩვენებელი, ეს ეხება როგორც „გირჩის“ მღვდელმსახურის მოწმობებს, ასევე, გამოჩნდა ახალი მიმართულება - ლაზურ-ხალიბურ კატაკუმბური ეკლესიის მსახურების დამადასტურებელი დოკუმენტის სახით. ამავდროულად, გასათვალისწინებელია სტუდენტების ფაქტორიც. მოკლედ, ბოლო პერიოდში გართულდა წინასწარ განსაზღვრა რამდენ წვევამდელს მივიღებთ, თუმცა, წინა წლებში, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ გეგმას გადაჭარბებით ვასრულებდით“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ხელმძღვანელმა, ვალერი რევაზაშვილმა.