რეგულირების სააგენტოს ნებისმიერ დროს შეეძლება, მიმართოს ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას, მოახდინოს ფოტო და ვიდეოგადაღება, ამოიღოს ნებისმიერი სახის მასალა, დალუქოს სამედიცინო დოკუმენტაცია, მოისმინოს ექიმებისგან განმარტებები, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსმა კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
ეკა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, დაგეგმილი ცვლილებებით რეგულირების სააგენტოს მანდატი ფართოვდება და დარღვეის დაფიქსირების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ სანქციებიც იზრდება.
„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტში განხილვის პროცესშია საკანონმდებლო ცვლილებები, რომ უფრო დროული რეაგირება და საქმიანობა შეეძლოს რეგულირების სააგენტოს.
დღევანდელი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ პაციენტი მომართავს რეგულირების სააგენტოს განცხადებით და საჩივრით, სააგენტო დაუყოვნებლივ რეაგირებას ვერ ახდენს, ამასთან დაკავშირებით სასამართლოს უნდა მიმართოს. სასამართლომ 72-საათის განმავლობაში შუამდგომლობა უნდა წარმოადგინოს რეგულირების სააგენტოში, ასევე მიაწოდოს მხარეებს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ეს გარკვეულწილად აფერხებს რეგულირების სააგენტოს დროულ და ოპერატიულ საქმიანობას. დაუყოვნებლივ ვერ ვრეაგირებთ პაციენტის საჩივართან დაკავშირებით და რეგულირების სააგენტოს კომისიას ადგილზე მისვლისას რეალური ფაქტები აღარ ხვდება. ამ კანონპროექტის ცვლილების შემდეგ, გვექნება დროული და ეფეტური რეაგირება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეგულირების სააგენტოს თანამშრომელს ადგილზე შეეძლება ელექტრონული ქვითრის ამოწერა და როცა სანებართვო პირობების შესრულებას შეამოწმებს, ადგილზევე მოახდენს რეაგირებას“, - აღნიშნა ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსმა.