გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტის - „STEM პროექტების მოდელირება და კონსტრუირება“ ბენეფიციარები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ სტუმრობდნენ.
შინდისის სკოლის მოსწავლეები, ეროვნული სამხედრო და სამოქალაქო მრეწველობის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის შექმნის ისტორიას და საქმიანობას გაეცნენ. ახალგაზრდები, განსაკუთრებით „დელტას“ მიერ წარმოებული თანამედროვე სამხედრო დანიშნულების მანქანებითა და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებით დაინტერესდნენ.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, STEM კლუბის წევრები მონაწილეობდნენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, გორში, ახალგაზრდებისთვის გამოცხადებულ ტექნოლოგიური კვირეულის პროგრამაშიც. კლუბის წევრების წარდგენილმა პროექტმა - „ჰაერში CO2 - კონცენტრაციის დეტეტქტორი“ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია USAID-ის წარმომადგენლების და საზოგადოების მხრიდან.
პროექტის „STEM პროექტების მოდელირება და კონსტრუირება“მიზანია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიური (STEM) სფეროების სწავლების ხარისხის გაუმჯობესება არაფორმალური განათლების საშუალებით.
ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის ,,განთლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.