საზოგადოება
08.06.2023 11:09
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

2023-2024 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დღეს, 8 ივნისს – 09:00 საათზე დაიწყო და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე - registration.emis.ge ხორციელდება.

ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. შეგახსენებთ, რომ 2023-2024 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვისაც, რომელთაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.

„გორის მაცნე“ გაგაცნობთ მოსწავლის რეგისტრაციის ინსტრუქციას - მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გადასვლის შემდეგ, აირჩიეთ: რეგისტრაცია. შემდეგ ავსებთ მოსწავლის მონაცემებს: პირადი ნომერი, სახელი, გვარი. მომდევნო ეტაპზე შეგყავთ მშობლის (ერთ-ერთის) მონაცემები: პირადი ნომერი, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა. ცნობისთვის, ელექტრონული ფოსტის გარდა ყველა ველის შევსება სავალდებულოა. მომდევნო ეტაპზე კი ირჩევთ სასურველ სკოლას, ამისთვის შესაბამის ველებში უნდა შეავსოთ მონაცემები სასურველი რეგიონის, რაიონის, სკოლის, სექტორის (ქართული, რუსული...), სასურველი ცვლის და მისამართის შესახებ.

რეგისტრაციის დასრულებამდე, ეკრანზე გამოდის მოსწავლის შესახებ რეგისტრაციის პროცესში მითითებული ინფორმაცია და უნიკალური კოდი, რომელსაც სისტემა ავტომატურად მიანიჭებს თითოეულ რეგისტრირებულ პირველკლასელს. ეკრანზე გამოსახულ რეგისტრაციის კოდს რეგისტრატორი მიიღებს, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე - ელექტრონული ფოსტის საშუალებით. გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის კოდი უნიკალურია და მნიშვნელოვანია ბავშვის შემდგომი იდენტიფიცირებისათვის.

კვირის ამბები