სპორტი
05.06.2023 16:30
გორში მარათონული გარბენი გაიმართა

გორში მარათონული გარბენი გაიმართა. ღონისძიებამ სტარტი გორის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო და სპორტის სასახლესთან დასრულდა.

გარბენში გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან თემურ ხუბულურთან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

გამარჯვებულები ვაჟებსა გოგონებს შორის გამოვლინდნენ, საპრიზო ადგილებზე გასულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ (პირველი ადგილი 500, მეორე - 300, მესამე -200 ლარი).

ვაჟებში შეჯიბრის გამარჯვებული დავით ხარაზიშვილი გახდა. მეორე ადგილზე გიორგი ლომიძე გავიდა, ირაკლი ჯანაშიამ კი გარბენი მესამე ადგილით დაასრულა. რაც შეეხება გოგონებს, პირველი ადგილი გვანცა კაპანაძემ დაიკავა, მეორე ადგილს ნინო ბასიაშვილი, მესამეს კი, მარიამ მაზანაშვილი დაესაკუთრა.

გარდა ამისა, მარათონული გარბენის ყველაზე პატარა მონაწილეს - გიორგი მირუაშვილს და ყველაზე უფროს მონაწილეს - თემურ ხუბულურს სიგელები გადაეცათ.

შეჯიბრება „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში ჩატარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს „შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში შეჯიბრებები კალათბურთში, ფეხბურთსა და ქართულ ჭიდაობაშიც ჩატარდება.

კვირის ამბები