კულტურა
06.06.2023 15:41
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გორის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ

ლენტეხმა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გორის, საჩხერის სალოტბარო სკოლების და ალვანის ფოლკლორის სახლის მოსწავლეებს და პედაგოგებს უმასპინძლა. სალოტბარო სკოლების გაცვლითი პროგრამა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. გაცვლითი პროგრამის ორგანიზატორი კი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი იყო.

სამი დღის განმავლობაში გაიმართა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები. სალოტბარო სკოლების მოსწავლეები გაეცნენ განსხვავებულ ტრადიციებს, ყოფა-ცხოვრებას, სვანეთის კულტურულ მემკვიდრეობას, ჩატარდა მასტერკლასები.

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და ინიციატივით სალოტბარო სკოლების გაცვლითი პროგრამის ღონისძიებები უკვე მესამედ გაიმართა.

ცნობისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, ქვეყანაში 30 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, რომლებშიც ქართულ ტრადიციული გალობას, საკრავებზე დაკვრას და ხალხურ სიმღერას უფასოდ ასწავლიან.

კვირის ამბები