საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე მოუწევს.
„საქართველოს მთავრობამ პრემიერის დავალების შესაბამისად მომზადებულ კანონპროექტზე იმსჯელა, საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად სახელმწიფო ზრუნავს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებისა და განვითარებაზე. სწორედ, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება მაქსიმალურად და გონივრულ ფარგლებში სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს პროცედურები შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გაუმარტივდეთ.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე მოუწევს და არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითაც დრო და რესურსი დაიზოგება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან 6 თვემდე მცირდება. მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის საქართველოში ცხოვრების დადგენილი 10-წლიანი ცენზი კი 5-წლამდე შემცირდება.