გორის მუნიციპალიტეტში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს 2 ახალი ავტობუსი დაემატება.
ახალი ინიციატივა, რომლიც შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, რეგიონებისთვის 154 ახალი ავტობუსის შეძენას ითვალისწინებს.
პრემიერის თქმით, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მთავრობა 8-მეტრიანი Isuzu-ს მარკის თანამედროვე, ევრო-5-ის სტანდარტის ავტობუსების შეძენას გეგმავს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რაშიც 53 მილიონ ლარს გადავიხდით.
წლების განმავლობაში, მოგეხსენებათ, რომ არსებული შიდა საქალაქო გადაადგილება იყო დაკავშირებული პრობლემებთან და ამიტომ, ეს პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ კიდევ ვაპირებთ დამატებითი ავტობუსების შეძენას, რომ კიდევ უფრო მეტად კომფორტული იყოს გადაადგილება ჩვენი ხალხისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა, ასევე კრიტიკულად შეაფასა ქვეყანაში არსებული ავტოსადგურების მდგომარეობა, მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის საკითხი და აღნიშნულის მოსაწესრიგებლად ევროპული სტანდარტების დანერგვის საჭიროებაზე ისაუბრა.
„ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დღეს დედაქალაქში თუ ქალაქებში, რაიონებში არსებული ავტოსადგურები. უნდა იყოს მოწესრიგებული, უნდა ჩანაცვლდეს, უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების სამარშრუტო ტაქსები და ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა მოწესრიგდეს, სულ რაღაც წელიწადნახევარში და წლის ბოლოდან დაიწყება ეს პროცესი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.