საქართველოს მასშტაბით გამართული კონკურსი „მწვანე ჯილდო“ დასრულდა. გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია კი 4 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა და საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული 10 პედაგოგი გამოვლინდა.
გამარჯვებულებს ჯილდოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გადასცა.
2023 წლის „მწვანე ჯილდოს“ ფინალისტი და გამარჯვებული, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული - სსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის ბიოლოგიის და ბუნებისმეტყველების პედაგოგი ასმათ ლეჟავა გახდა. გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის „მწვანე ჯილდოსთან“ ერთად, გორელ პედაგოგს, 4 შვილის დედას, სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, „მწვანე ჯილდოს“ მისაღებად კონკურსში მონაწილეობდნენ დაწყებითი საფეხურის პედაგოგები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღმზრდელები, მეთოდისტები, რომლებიც სასწავლო პროცესში გარემოსდაცვით და აგრარული თემების სწავლებას ახორციელებენ როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით; ატარებენ აქტივობებს შესაბამისი დამხმარე სახელმძღვანელოებიდან - „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ და „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“.
ცნობისთვის, კონკურსი „მწვანე ჯილდო“, რომლის მიზანიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების ხელშეწყობა და აღმზრდელების და მეთოდისტების წახალისებაა, საქართველოს მასშტაბით 2017 წლიდან იმართება.
გორის მუნიციპალიტეტის სკოლები აქტიურად მონაწილეობენ აღნიშნულ კონკურსში და გასულ წელს, „მწვანე ჯილდო“ ხიდისთავის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და მოქალაქეობის მასწავლებელს მიმოზა ღოლიჯაშვილს, 2020 წელს კი, გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს მარინე ვართუმაშვილს გადაეცა.