საზოგადოება
02.06.2023 15:37
გორში ვალეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის კაბინეტი გაიხსნა
გორში ვალეოლოგიის სამეცნიერო ცენტრის რეგიონული კაბინეტი გაიხსნა.

დაწესებულებაში თანამედროვე აპარატურის გამოყენებით ხდება ჯანმრთელობის პრობლემების დადგენა, ვიტამინების და მიკროელემენტების დონის განსაზღვრა, ასევე, ბაქტერიების, სოკოებით და ჰელმინთებით (ჭიების) დასნებოვნების დადგენა, დაავადების ფარული მიმდინარეობის აღმოჩენა, წონის ინდექსის განსაზღვრა და ა. შ.

„გორის მაცნესთან“ საუბარში ვალეოლოგიის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან ბიძინაშვილმა აღნიშნა, რომ სიახლის დანერგვა რეგიონში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების და მოხუცებისთვის, რადგან დიაგნოზის დასმა ჩხვლეტის გარეშე, უმტკივნეულოდ ხდება.

„ვფიქრობ, რომ საზოგადოება მიიღებს დიაგნოსტიკის და მკურნალობის ამ მეთოდს, რადგან ძალიან უსაფრთხო, სწრაფი და ინფორმატიულია ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ბევრი ადამიანი ცდილობს დაადგინოს ჯანმრთელობის პრობლემა, რაშიც უამრავ დროს და თანხას ხარჯავს. ბიორეზონანსული მეთოდით ძალიან სწრაფად ხდება პრობლემის დადგენა და ზოგიერთი დაავადების დროს წარმატებით მიმდინარეობს ბიორეზონანსული თერაპიით მკურნალობა.

გეტყვით, რომ ვალეოლოგია მეცნიერებაა ჯანმრთელობის შესახებ, რომლის ინტერესის სფეროა ჯანსაღი ადამიანი და ამ მდგომარეობის შენარჩუნება. პაციენტთან მიმართებაში ვიყენებთ კვლევის და გაჯანსაღების რამდენიმე მეთოდს, ჯანმრთელობის შეფასება ტარდება უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, რაც საშუალებას გვაძლევს გადავჭრათ ფიზიოლოგიური ხასიათის თითქმის ყველა პრობლემა“, - აღნიშნა ქეთევან ბიძინაშვილმა.

ცნობისთვის, სამედიცინო კაბინეტი კლინიკა „ნოვამედის“ (ჭავჭავაძის 8 ) შენობაში ფუნქციონირებს და მიმართვის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს.
კვირის ამბები