საზოგადოება
02.06.2023 11:17
წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია გადავადდა - რატომ მიიღო მინისტრმა ეს გადაწყვეტილება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 2024 წლამდე გადავადდა.
გადაწყვეტილების მიზეზად უწყების ხელმძღვანელმა მასწავლებელთა ინტერესები დაასახელა და აღნიშნა, რომ სამინისტროს მთავარი ამოცანა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა, რაც, პირველ რიგში, მასწავლებლის პროფესიის აღიარებით, დაფასებით და მათთვის შესაბამისი სამუშაო გარემოს და პირობების შექმნით უნდა დაიწყონ.
„მიმდინარე ეტაპზე მასწავლებლები პორტფოლიოების შეფასების ეტაპს გადიან, რომელიც დამატებით მოგვცემს საშუალებას სწორად გავაანალიზოთ საჭიროებები.
აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია გადავადდეს 2024 წლის დასაწყისში. თუმცა, ეს პროცესი არ შეაფერხებს დაანონსებულ ვადებს და 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მათ მიეცემათ სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა.
ეს პერიოდი პროცესზე დასაკვირვებლად გვინდა გამოვიყენოთ, რომელიც სისტემაში პირველად მიმდინარეობს. გავაანალიზოთ და გამოვიტანოთ სწორი დასკვნები, რათა ჩვენი გადაწყვეტილებები არ იყოს ორიენტირებული მოკლევადიანი ამოცანების გადაჭრაზე, არამედ ეფუძნებოდეს გრძელვადიან სისტემურ ხედვას.
ბუნებრივია, მასწავლებლის პროფესიული განვითარება მისი ყოველდღიური საქმიანობის პროცესია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებს მუდმივად ჰქონდეთ სრული მხარდაჭერა სისტემის ყველა რგოლისგან პროფესიული განვითარებისთვის და, ასევე, ყოველწლიურად ჰქონდეთ მრავალმხრივი შესაძლებლობა, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, განახორციელონ კარიერული წინსვლა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
კვირის ამბები