საზოგადოება
01.06.2023 13:08
ტექდათვალიერების გარეშე ავტომობილის მართვაზე ჯარიმები იზრდება - ახალი ცვლილებები 4 ივნისიდან შევა ძალაში
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ტექდათვალიერების გარეშე ავტომობილის მართვის გამო დაჯარიმებას ეხება, 2023 წლის 4 ივნისიდან ამოქმედდება.

რაც შეეხება ცვლილებებს, შემდეგი სანქცია განისაზღვრა:
თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის, ან ტექნიკურ ინსპექტირებაგაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი, ამ დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას: ფიზიკური პირი დაჯარიმდება 150 ლარით; იურიდიული პირი დაჯარიმდება 300 ლარით.
თუ პირი, განმეორებით დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ ისევ დაარღვევს წესს, ამ შემთხვევაში: ფიზიკური პირი დაჯარიმდება 300 ლარით; იურიდიული პირი - 500 ლარით.
თუ პირი 300 (ფიზიკური) ან 500 (იურიდიული) ლარით არის დაჯარიმებული და დაჯარიმებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ ისევ ჩაიდენს ანალოგიურ სამართალდარღვევას, ამ შემთხვევაში: ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარით;
იურიდიული პირი კი - 700 ლარით.

როგორც საქართველო პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში აცხადებენ, ცვლილებები მიზნად ისახავს ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მინიმუმამდე დაყვანით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას.

ცნობისთვის, აღნიშნული ცვლილებები პარლამენტმა 2023 წლის 22 მარტს დაამტკიცა, 5 აპრილს გამოქვეყნდა და კანონში მითითებული ვადის შესაბამისად, 4 ივნისიდან შევა ძალაში.
კვირის ამბები