დღეიდან, 1-ელი ივნისიდან დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებული მძიმე ტვირთის ხელით აწევისგან დაიცვას.
შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის თქმით, საქართველოს მთავრობამ „ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, დამსაქმებელი ვალდებული გახდება, სათანადო ზომები მიიღოს, ან გამოიყენოს მექანიკური მოწყობილობები, რათა დასაქმებულთა მიერ ტვირთის ხელით აწევის აუცილებლობა თავიდან აიცილოს.
იმ შემთხვევებში, თუ გამოჩნდება, რომ ფიზიკურად არსებობს ისეთი გადაჭრის გზები, რომელიც პირს ხელით ტვირთის გადაზიდვის საშუალებას აარიდებს და დამსაქმებელი არ ახორციელებს ამ ღონისძიებას, შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონიდან გამომდინარე შესაბამისი სანქცირების მექანიზმები განხორციელდება.
„შრომის ინსპექციის ცხელი ხაზია 15 75. არამხოლოდ ამ რეგლამენტით, ნებისმიერი უსაფრთხოების, თუ შრომის უფლებების დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ დასაქმებულ ადამიანს შეუძლია მოგვმართოს, კონფიდენციალურობის დაცვის გარანტია არსებობს.
თუ დაინტერესებულ პირს არ სურს, რომ მისი ვინაობა გამჟღავნდეს, ჩვენ ინსპექტირებას განვახორციელებთ, თუმცა საჩივრის ავტორის ვინაობა კონფიდენციალური იქნება. ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, მოგვმართოს ელექტრონული ფორმით. შრომის ინსპექცია კომპანიების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმურად ახორციელებს. გეგმურ შემოწმებას ვახორციელებთ შრომის უსაფრთხოების, ასევე შრომის უფლებების მიმართულებით“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.