გორში, გორისციხის მიმდებარედ, სიმონ I-ის ქუჩაზე ახალგაზრდული კაფე „სფეისი“ ახალგაზრდების მოთხოვნის გათვალისწინებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით გაიხსნა.
სოციალური კაფე ა(ა)იპ ახალგზარდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებამ დააფუძნა.
ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, კაფე - ახალგაზრდული ცენტრი - ახალგაზრდული სივრცისთვის დამახასიათებელი ინვენტარით და ბიბლიოთეკითაა აღჭურვილი, რომლითაც ახალგაზრდებს მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ სარგებლობა.
კაფე „სფეისი“, კვების გარდა, ახალგაზრდებს გასართობ და შემეცნებით სერვისებს და სტაჟირება-დასაქმების შესაძლებლობასაც შესთავაზებს. მოეწყობა, ასევე, სხვადასხვა სახის შეხვედრა, ტრენინგი, კულტურული თუ შემეცნებითი აქტივობები. ახალგაზრდებს შეეძლებათ დაისვენონ, წაიკითხონ წიგნი, ითამაშონ სამაგიდო თამაშები და დრო ნაყოფიერად გაატარონ.
„კაფე „სფეისი“ სოციალური და საგანმანათლებლო ფუნქციებით პირველია გორში, რომელიც მუნიციპალიტეტის და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობით შეიქმნა და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის საინტერესო სივრცის შექმნას, ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პოლიტიკის და სტრატეგიის მხარდაჭერას“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ნიკა ღვინიაშვილის თქმით, ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, მომავალში გორში მულტიფუნქციური ბიბლიოთეკაც გაიხსნება, ხოლო კაფე „სფეისთან“ მოეწყობა სუვენირების მაღაზიაც, რაც შენობას ტურისტებისთვისაც მიმზიდველ ობიექტად აქცევს.
აღსანიშნავია, რომ შენობა, რომელშიც ახალგაზრდული კაფე განთავსდა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის“ ფარგლებში აშენდა. ახალგაზრდული სოციალური კაფის იდეის განხორციელება კი მერიის ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების ქვეპროგრამით დაფინანსდა.