კულტურა
31.05.2023 15:10
გორელი მოზარდები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლების გაცვლით პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას

გორის, ლენტეხის, საჩხერის სალოტბარო სკოლების და „ფოლკლორის სახლის“ (თუშები) მოსწავლეები ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლების გაცვლით პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ლენტეხში 1-დან 3 ივნისის ჩათვლით გაიმართება და 10-დან 18 წლამდე ასაკის 120 მოზარდი ჩაერთვება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, პროგრამაში სკოლების ლოტბარ-რეგენტები, მშობლები, მოხალისე-ლიდერები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია, ოსტატები და ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.

რაც შეეხება სამი დღის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებს, 1-ელ ივნისს - ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღეს, სვანი, იმერელი, თუში და ქართლელი ბავშვები ერთად აღნიშნავენ. გაიმართება გაცნობითი თამაშები, პრეზენტაციები, ფერხულების შესწავლა ადგილობრივი ანსამბლების დახმარებით, სპორტული ღონისძიებები ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით, ლოტბარის საათი - ქართლური, თუშური, იმერული და სვანური სიმღერის შესწავლა გუნდებში, ლოტბარების პრეზენტაცია.

დაგეგმილია, ასევე, ლადო მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დათვალიერება, წყლის კომპლექსის, IX-X საუკუნეების ჩუკულის მთავარანგელოზის ეკლესიის, კურორტი მუაშის მონახულება.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდები სვანური ტრადიციული საკრავების დამზადების, ხეზე კვეთის და ქვის წყობის ტრადიციებს გაეცნობიან, შეხვდებიან ადგილობრივ ოსტატებს, გაიმართება ერთობლივი კონცერტიც.  

ცნობისთვის, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 2015 წლიდან სხვადასხვა ქალაქში 30 სალოტბარო სკოლა დააარსა. ცენტრმა უკვე განახორციელა ოზურგეთი-წალენჯიხის და გორი-ლენტეხის გაცვლითი პროგრამები.

კვირის ამბები