„სასკოლო თვითშემოქმედებითი“ ოლიმპიადის გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ
„სასკოლო თვითშემოქმედებითი“ ოლიმპიადა გალა-კონცერტით დასრულდა.
ოლიმპიადაში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების განყოფილების ინიციატივით ჩატარდა, 15 საჯარო და კერძო სკოლა მონაწილეობდა.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, შესარჩევი ტურის შემდეგ, ქულათა მაქსიმალური რაოდენობის მიხედვით, სამი გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა: პირველი ადგილი გორის მეორე საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორე ადგილი - მეშვიდე საჯარო სკოლას, ხოლო მესამე ადგილი მეთორმეტე საჯარო სკოლას ხვდა წილად.
რაც შეეხება ნომინაციას „ჟიურის სიმპათია“, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზია გახდა.
გალა-კონცერტის დასრულების შემდეგ, „სასკოლო თვითშემოქმედებით“ ოლიმპიადაში მონაწილე ყველა სკოლას მადლობის სიგელი გადაეცა, ხოლო გამარჯვებულ სკოლებს - კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს სიგელები და ფასიანი საჩუქრები.