გორის მუნიციპალიტეტის მერიამ პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“-ის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერები გამოაცხადა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეების მოწყობა ოთხ ლოკაციაზე იგეგმება. რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს და გათვალისწინებულ სამუშაოების შესასრულებლად გათვალისწინებულ თანხებს,
მოსახლეობის ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სოფელი ხიდისთავში სკვერი და ტრენაჟორები მოეწყობა. პროექტის ღირებულება 81 345 ლარია.
გორში, სტალინის გამზირის მიმდებარედ, ასევე, სკვერის და ტრენაჟორების მოსაწყობად გათვალისწინებულია 123 670 ლარი.
სკვერის მოწყობა დაგეგმილია სამების და პეტრიაშვილის ქუჩის მიმდებარედაც, სამუშაოების ღირებულება 92 195 ლარია.
ტენდერი გამოცხადებულია სამადაშვილის და კეცხოველის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერის რეაბილიტაციის მიზნითაც. პროექტის ღირებულება 93 045 ლარია.
„სამოქალაქო ბიუჯეტი“ საზოგადოებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. მოქალაქეები თვითონ წყვეტენ რაში უნდა დაიხარჯოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი ადმინისტრაციული ერთეულისთვის გამოყოფილი თანხა.
პროგრამის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა“, - აცხადებენ მერიაში.