მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენა-ბაზრობის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველო, 2022 წელს, ITB Berlin-ის გამოფენის მასპინძელი ქვეყანა გახდეს - აღნიშნულის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ფაქტი საქართველოსთვის უდიდესი მიღწევა და საერთაშორისო აღიარებაა: „მოგეხსენებათ, ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა და ყველაზე მზარდი სექტორია. რა თქმა უნდა, ბერლინის ტურისტული გამოფენა-ბაზრობისგან მსგავსი გადაწყვეტილების მიღება დაგვეხმარება ზემოხსენებული დარგი კიდევ უფრო წარმატებული და დინამიური გავხადოთ. ტურიზმის გადაცემის ეფექტი ძალიან მაღალია და დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი მოქალაქე იგრძნობს ამ გამოფენაში მონაწილეობის შედეგს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, საქართველომ, გერმანიის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის - ITB Berlin-ისგან, ზემოხსენებულზე ოფიციალური დასტური დღეს მიიღო.
ITB Berlin-ს, ყოველწლიურად, 180-ზე მეტი ქვეყნიდან, 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება და მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია. 3 დღის განმავლობაში, გამოფენას 5 ათასზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს.