გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემში კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ კლუბი არა მარტო ბეთლემის, არამედ სოფელ სკრის თემში შემავალი 4 სოფლის ახალგაზრდებს ემსახურება. შენობის რეაბილიტაცია კი გორის მერიის დაფინანსებით ხორციელდება და ტენდერის მიხედვით, სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 270 000 ლარია გამოყოფილი.
„გორის მაცნესთან“ საუბარში ბეთლემის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ცირა მამუკაშვილმა აღნიშნა, რომ კლუბში ახალგაზრდები საესტრადო სიმღერას, ხატვას, მხატვრულ კითხვას, სპორტულ ცეკვებს ეუფლებიან. შენობის რეაბილიტაციის და კეთილმოწყობის შემდეგ, მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტერესების გათვალისწინებით, არაერთი წრე დაიწყებს ფუნქციონირებას.
„შენობის კეთილმოწყობის შემდეგ, კიდევ არაერთი წრე დაიწყებს ფუნქციონირებას. ამასთან, სოფელს ექნება კულტურის ცენტრი, საჯარო სივრცე, სადაც მოსახლეობას შეეძლება შეკრება და საჭირო პრობლემებზე, სასიკეთო ამბებზე აზრის გაზიარება და დაფიქსირება.
ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი გორის მერიას, რომ გაითვალისწინა ჩვენი ბავშვების, მოსახლეობის ინტერესები და საშვილიშვილო პროექტი დააფინანსა“, - აღნიშნა ცირა მამუკაშვილმა.
ცნობისთვის, სოფელ ბეთლემის კულტურის ცენტრის შენობა 1961 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, ხოლო 2000 წელს, სკრის თემის არასამთავრობო ორგანიზაცია „ბეთლემის“ ხელმძღვანელი მერი მაყიშვილი) ინიციატივით შენობას კოსმეტიკური რემონტი და სახურავი შეუცვალეს.