საზოგადოება
30.05.2023 11:03
სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, მაღალმთიან დასახლებებში ახალი სახელმწიფო პროგრამის განხორციელება იწყება

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას თქმით,

ახალი პროგრამის მიზანი მაღალმთიან დასახლებებში, სადაც ეკონომიკური აქტივობა შედარებით დაბალია, კერძო სექტორის განვითარების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და ადგილობრივი მაცხოვრებლების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

პროგრამა ითვალისწინებს, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებით დაფინანსებას; პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც შემნახველი, გადამმუშავებელი საწარმოები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ასევე სხვა ნებისმიერი ბიზნესიდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. კონკრეტულად შეზღუდვა ეხება სამშენებლო და დეველოპერულ საქმიანობას, სავაჭრო ობიექტებს, სატრანსპორტო მომსახურებას და ა.შ. გამონაკლისების ჩამონათვალშია სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებაც (ვინაიდან, ეს მიმართულება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ფინანსდება და ყველასთვის ხელმისაწვდომია).

„ვფიქრობ, ახალი პროგრამა მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს მაღალმთიან დასახლებებში სხვადასხვა საქმიანობის წამოწყებას, მათ შორის, ახალგაზრდების ჩართულობას; მათ ექნებათ დამატებით 10% თანადაფინანსება. პროგრამა ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურის პირობების გაუმჯობესებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ახალი პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ. ლარია.

სოფლის განვითრების სააგენტო განაცხადების მიღებას ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყებს.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსით 29 სოფელი სარგებლობს, შესაბამისად, ახალი სახელმწიფო პროგრამით სარგებლობას შეძლებენ ამ დასახლებებში მცხოვრები პირებიც.

კვირის ამბები