საზოგადოება
06.02.2020 13:11
სად მდებარეობდა გორის სატუსაღო, როგორ პირობებში და რა სახის დანაშულისთვის იხდიდნენ პატიმრები სასჯელს

 XIX საუკუნის დასაწყისში, გორის მაზრის სატუსაღოს ფუნქციას გორის ციხე ითავსებდა, სადაც ძალზე მძიმე პირობები ყოფილა. მოგვიანებით, 40-იან წლებში, საპატიმროსთვის სხვა შენობა გამოუნახავთ, სადაც ანალოგიურად მძიმე პირობებში უწევდათ პატიმრებს სასჯელის მოხდა, შესაბამისად, სივიწროვე, საშინელი კვება და მძიმე ჰაერი გავლენას ახდენდა ტუსაღების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მათი უმრავლესობა დაუძლურებული და სიკვდილის პირას მისული იყო.

70-იან წლებში კი, გორის სატუსაღო განთავსებული ყოფილა ქალაქის განაპირას, მდინარე მეჯუდას სიახლოვეს,  გორის მაცხოვრებლის, ტერ-სტეფანოვის ერთსართულიან სახლში. გორის იმჟამინდელი სატუსაღოს უფროსი ზაზა ყიფიანი ყოფილა. სატუსაღოს ირგვლივ მდინარის წყლები ჩადიოდა, საპყრობილეს ეზო კი სავსე ყოფილა ციხის უფროსის ქათმებით, ინდაურებით, ბატებითა და გოჭებით, შესაბამისად, პატიმრებს მუდმივად აწუხებდათ სინესტე და გაუსაძლისი სუნი.

1880 წელს, გორის სატუსაღოში მოთავსებული ყოფილა 175 პატიმარი. მათგან, მკვლელობისთვის სასჯელს იხდიდა 8 მსჯავრდებული, მკვლელობის განზრახვით თავდასხმისთვის - 2, ძარცვის ბრალდებით - 8, ქურდობისთვის - 60, ჩხუბისა და დაჭრისთვის -9, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის - 30, თვითნებობისთვის - 23, შეურაცხყოფისთვის - 16, გაუპატიურებისთვის - 4, ცხენის ქურდობისთვის - 11, ცეცხლის წაკიდებისთვის - 3, თაღლითობისთვის - 1.

უკვე 1890 წლის მონაცემებით ჩანს, რომ მკვეთრად გაზრდილა სხვადასხვა დანაშაულის ოდენობა, თითქმის გაორმაგებულა. 1893 წელს დამდგარა საკითხი, რომ გორის სატუსაღო ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და აუცილებელი იყო ახალი ციხის აშენება.

/მომზადებულია GMnews-ის მიერ ისტორიკოს ელდარ მამისთვალიშვილის წიგნის - ,,გორის ისტორია“ მიხედვით/

კვირის ამბები